პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ცდილობდა პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ბევრ თემაზე სასაუბრო პირობები შეექმნა
როგორც მაჭავარიანმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში მისი მუშაობის დროს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი იგეგმებოდა და მისი საქართველოში ჩამოსვლა სულ უფრო რეალური ხდება.
„პრეზიდენტი ლუკაშენკო ცდილობდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის შეექმნა ის პირობები, რომლითაც ძალიან ბევრ თემაზე საუბრის საშუალება ექნებოდათ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებზე. მისი მხრიდან არაერთხელ იყო ინიციატივა, შეხვედრა რომ შემდგარიყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ივნისში კიევში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის დროს შეხვედრისას ლუკაშენკომ და მარგველაშვილმა ბევრ თემაზე პირდაპირ და გულახდილად ისაუბრეს.
„მან არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით საუბარი მიდის იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელი და მისაღები იქნება ეს ვიზიტი ორივე მხარისთვის.
„მე როგორც ვიცი, ეს არის დაგეგმვის თემა იმიტომ, რომ ნებისმიერ სახელმწიფო ვიზიტს სერიოზული მომზადება სჭირდება, თუ ეს არ არის ვიზიტი ვიზიტისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამ ვიზიტის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია მაჭავარიანისთვის ცნობილი არ არის.
„სამწუხაროდ, ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ მათი პოზიციები ჩვენთვის სიურპრიზივით აღმოჩნდება ხოლმე კონკრეტულ თემებში. აქ განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო მეთაურების და პრეზიდენტების დონეზე ჩაივლის. ჩემთვის უცნობია, მთავრობა თანახმა იყო თუ არა. ეს იყო დაგეგმვის პროცესში, რომელიც ორივე მხარისთვის უნდა იყოს მისაღები, ეფექტური და შედეგიანი. მე განსაკუთრებული პროტესტი ან ხელშეწყობა არ გამიგია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს სავარაუდოდ, აპრილში ეწვევა.
ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის ლეონიდ ზაიაცის თქმით, ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი აპრილში იგეგმება და მოსალოდნელია, რომ ის ქართველ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ვიზიტის ინიციატორი ბელორუსის მხარეა. განხორციელების შემთხვევაში ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.