რეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის პროექტის "9+1"-ის რეჟისორი არ იქნება. როგორც ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილს პროექტთან შეხება საერთოდ არ აქვს. მისივე თქმით, ის რეჟისორი იქნება ტელეკომპანია GDS-ის პროექტის, რომელსაც შემხებლობა ბიძინა ივანიშვილის პროექტთან არ აქვს, თუმცა თემატიკა მისი ფილმისაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი იქნება.
"ეს პროექტი არანაირ კავშირში დოკუმენტურ ფილმების სერიასთან, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა, არ არის. GDS-ისგან მივიღე წინადადება მრავალსერიანი პოლიტიკურ-მხატვრული ფილმის გადაღების შესახებ. ასეთი სერიალები მსოფლიოში ძალიან არის გავრცელებული. ჩვენ გადავიღებთ "ნაციონალური მოძრაობის" 10 წლიან პერიოდს, რომელიც მოიცავს ყველა ჟანრს – დრამას, ტრაგედიას, აბსურდს, დეტექტივს, გროტესკს, ეროტიკას და ა.შ. ეს პროექტი დაახლოებით 3-წლიანი იქნება და მასში მსახიობები დასაქმდებიან", - განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირზე შვედურ ორგანიზაცია "სიდა"-ს მიერ სიღარიბისთვის გამოყოფილ თანხებთან. მისივე თქმით, ეს თანხები საქართველოში იხარჯებოდა არა სიღარიბის დაძლევისთვის, არამედ შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის კორუფციული გარიგებით ხმარდებოდა პოლიტიკურ მიზნებს.
"ბატონი ბილდტი განაგებდა განვითარების სააგენტოს "სიდა"-ს, რომელსაც ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს სიღარიბის დაძლევისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თანხებს განაგებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2006 წლიდან, როგორც შვედური პრესა იტყობინება, ეს ურთიერთობა საქართველოდან განსაკუთრებით აქტიური გახდა. შვედეთის ბიუჯეტის ფული, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო საქართველოში სიღარიბის დაძლევისთვის, ირიცხებოდა NDI-ში და ევრაზიის ფონდში. ამ ორგანიზაციების მეშვეობით ეს ფული ნაწილდებოდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს თანხები არის დახარჯული არამიზნობრივად. აქ აღმოჩნდა ინფორმაციები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციებზე მილიონობით დოლარი გამოიყო სიღარიბის დაძლევისთვის განსაზღვრული თანხებიდან. ამას ადასტურებს თავად "სიდა"-ს დოკუმენტი. თანხები ირიცხებოდა სულ სამ ორგანიზაციაზე – საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". სიღარიბის დაძლევისთვის ბიუჯეტის ფული მოდის საქართველოში, თუმცა ეს ბიუჯეტი იხარჯება იმ ინტერესების განსახორციელებლად, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, იმ ძალებს, რომლებიც კორუფციონერ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს ნიშნავენ უკრაინაში. ეს არის დიდი პოლიტიკური კორუფცია. საინტერესოა ასეთს რა კვლევებს ატარებდნენ ეს ორგანიზაციები, რომ ამდენი თანხები ჭირდებოდათ. იკვეთება თუ არა ამ ორგანიზაციების ბრალეულობა, მე არ ვარ პროკურორი და ამაზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ეკა გიგაური "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებდა და ამას ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი უწყებაში მუშაობაც ადასტურებს.