"ნატო-ს არ აქვს ძალა, აიძულოს რუსეთი, არ გააფორმოს ხელშეკრულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან"

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების თემას განიხილავს.

როგორც აპატურიამ "მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს. 

"გულახდილად გითხრათ, ნატო-ს არ აქვს ძალა, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების გაფორმებას ხელი შეუშალოს. მაგრამ ვამბობთ, რომ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს და არც ექნება. ჩვენ არ გვაქვს ძალა, ვაიძულოთ რუსეთი, არ გააფორმოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვეხმარებით და გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას პოლიტიკურ, პრაქტიკულ და დიპლომატიურ დონეზე. მეორეს მხრივ, არცერთ არაწევრ სახელმწიფოს და არცერთ ასპირანტ ქვეყანას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც საქართველოს",-განაცხადა აპატურაიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმა. მსგავსი დოკუმენტის გაფორმებას რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.