აშშ საქართველოსა და მოლდოვას 51 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ საქართველოსა და მოლდოვას 51 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ი საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ზეწოლის და მისი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად 51 მილიონ დოლარს გამოუყოფს. 

AFP-ის ინფორმაციით, საქართველოსა და მოლდოვას დახმარებას აშშ-ის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს წარუდგინა. 

2016 ფინანსური წლისთვის აშშ-ის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისთვის ფინანსურ დახმარებას რუსეთის ზეწოლისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ. 

AFP-ის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ფინანსური დახმარების სახით, უკრაინა აშშ-სგან 117 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან ერთად, აშშ-ი მზად არის უკრაინას სესხის სახით 1 მილიარდი დოლარი გამოუყოს. 

"ბიუჯეტი ითვალისწინებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის ზეწოლასა და აგრესიულ ქმედებებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.