ჯეიმს აპატურაი - მადლობა საქართველოს, რომ რჩება ნატოს მისიაში ავღანეთში

ჯეიმს აპატურაი - მადლობა საქართველოს, რომ რჩება ნატოს მისიაში ავღანეთში

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ბრიუსელში განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება იმ შეშფოთებაზე, რომელიც ალიანსს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ დოკუმენტზე გააჩნია. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა კითხვას, რომელიც ბრიუსლეში მიმდინარე კვირას დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ეხება. 

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო მინისტერიალის საბოლოო, ერთობლივი დოკუმენტი. დოკუმენტის ტექსტზე მჭიდროდ ვმუშაობდით საქართველოს უკვე ყოფილ ელჩთან ნატო-ში, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. ნატო-საქართველოს კომისია განიხილავს იმპლემენტაციის პაკეტს. ჩვენ ვიმსჯელებთ რეფორმებზე. მივესალმები, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება რეფორმების შესახებ. ვგულისხმობ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შეშფოთებას, რომელიც ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს დედაქალაქში აქვთ. ალექსანდრ ვერშბოუმ მითხრა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველოში ყველა არის მზად, რომ ეს რეფორმები გატარდეს. მან მითხრა, რომ ყველა დონეზე არის ამისთვის მზადყოფნა. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს თავდაცვის მინისტრიც მოისმენს ამის შესახებ ბრიუსელში", - აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველო ასევე მოისმენს ნატო-ს გზავნილს საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. 

"განსაკუთრებით გამახვლდება ყურადღება იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს ე.წ. პროექტზე, რომელიც ინტერნეტში ვნახეთ. საუბარი მაქვს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ დოკუმენტზე. ამ თემაზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო იქნება. და ბოლოს, იქნება ჩვენი მადლობა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ნატო-ს ოპერაციებში. მადლობა საქართველოს, რომ რჩება ჩვენს მისიაში ავღანეთში", - განაცხადა აპატურაიმ.