„რუსეთი ელის, რომ სანქციებზე უარს ვიტყვით, ეს არის ის, რაც საქართველოში ომის შემდეგ გავაკეთეთ“

„რუსეთი ელის, რომ სანქციებზე უარს ვიტყვით, ეს არის ის, რაც საქართველოში ომის შემდეგ გავაკეთეთ“

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ოსლოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარება ნატო-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ნატო-ს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„იმისთვის, რომ ერთობლივი თავდაცვა დამატებით უზრუნველვყოთ, ასევე  ჩვენ საზღვრებს მიღმაც უნდა გავიხედოთ. უელსის სამიტზე ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაზრდა იყო, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რომლებიც რუსული წნეხისა და ჩარევების მთავარი სამიზნეები არიან. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობებს მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობების ჭრილიდან არ განვიხილავთ. ისინი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვებით, რომელთაც უფლება აქვთ არჩეულ გზას მიყვნენ. ბოლო არჩევნებში ყველა ამ ქვეყანამ აირჩია ლიდერები და პარტიები, რომლებიც მომხრენი არიან ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და არა რუსეთის ევრაზიული კავშირისა. რამდენადაც მეტად სტაბილურები არიან ისინი, იმდენად უსაფრთხოდ ვართ ჩვენც. ასე რომ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას დახმარებით, რომ მათ გააძლიერონ შეიარაღებული ძალები, მოახდინონ ინსტიტუტების რეფორმირება და ეკონომიკის მოდერნიზება, არ არის კეთილშობილური აქტი, არამედ ეს არის ჩვენი ფუნდამენტური სტრატეგიული ინტერესი“, - განაცხადა ვერშბოუმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ნატო თავის გასაკეთებელს აკეთებს. მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირების მიზნით, ნატო-მ ძალები მიმართა ისეთი სფეროებისკენ, როგორებიცაა მართვა და კონტროლი, ლოჯისტიკა, კიბერ თავდაცვა და სამხედრო მედიცინა.

„ჩვენ უფრო მეტ მრჩეველებს ვგზავნით კიევში და უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასაც განვახორციელებთ. მოლდოვასა და საქართველოს მსგავსი გზებით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის

გაძლიერებაში და საქართველოს შემთხვევაში ვეხმარებით ალიანსში შემდგომი გაწევრიანებისთვის მზადებაში. მაგრამ თავდაცვითი დახმარება, როგორიც არის ეკონომიკური მხარდაჭერა, მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ამ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები კორუფციასთან ბრძოლაში, მიიღონ მძიმე ეკონომიკური გადაწყვეტილებები, მოიცვან უმცირესობები და ააშენონ ქმედითი და გამჭვირვალე ინსტიტუტები. მხოლოდ ამ რეფორმებთან ერთად იქნება ჩვენი დახმარება ეფექტური“, - აღნიშნა ვერშბოუმ.

მისივე განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსის სტრატეგია უნდა იყოს მომთმენი და თანამიმდევრული.

„რუსეთი ჩვენგან ელის, რომ უარს ვიტყვით სანქციებზე და როგორც ყოველთვის მივუბრუნდებით ჩვენს საქმეს ისე, რომ მას საკუთარი ქმედებების შეცვლა არ მოუწევს. ეს ძირითადად ის არის, რაც ჩვენ 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ გავაკეთეთ. მაგრამ ამჯერად, ავირჩიეთ რა საკუთარი კურსი, ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, შევინარჩუნოთ სიმტკიცე და რუსეთს მისი აგრესიისთვის ხარჯები გავუზარდოთ. დროთა განმავლობში რუსეთი დაინახავს, რომ მის ინტერესებშია ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას დაუბრუნდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საკუთარ პრონციპებს სერიოზულად ვეკიდებით“, - აღნიშნა ვერშბოუმ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 29-30 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმაზე იმსჯელეს და პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პერსპექტივები დასახეს.