დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტოს პროფესიული განვითარების ცენტრში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ მესამე კურსი დაიწყო. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გამოსვლაში სემინარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კურსი თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობას ისახავს მიზნად. სამი დღის განმავლობაში მსმენელები კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაეცნობიან.
სემინარს თავდაცვის სისტემის მმართველობითი რგოლის სამხედრო მოსამსახურები და სამოქალაქო პირები ესწრებიან, რომლებიც შემდგომში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭო“-ს წევრები გახდებიან.
„კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ კურსს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები უძღვებიან. ლექციებს ასევე წაიკითხავენ ექსპერტები იუსტიციის სამინისტროდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ოფისიდან. „ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის“ შესახებ კი, სემინარის მონაწილეებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ გაესაუბრება. კურსის მიმდინარეობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დიდი ბრიტანეთის ოფისის თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ალან ვალდრონი და თავდაცვის კორუფციის ინდექსის მენეჯერი ევა ანდერსენი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
კურსი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება.