კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცააძეს დაკავების ოქმი პროკურატურაში შესვლისთანავე გადასცეს, - ამის შესახებ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ცააძის ადვოკატმა ინგა სეხნიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატმა განმარტა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისად, საკანტროლო გასროლით განზრახ მკვლელობას არ ეთანხმება. ინგა სეხნიაშვლის განცახდებით, გიორგი ცააძე წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, ჯერჯერობით ცააძისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
"მას გადასცეს დაკავების ოქმი მაშინვე, როგორც კი მივიდა პროკურატურაში და განუმარტეს დაკავების საფუძვლები, რაზეც განაცხადა, რომ არანაირ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისად, არ ეთანხმება ბრალდებას", - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ცააძეს პროკურატურა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლას ედავება, რომლის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი გარდაიცვალნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა.