ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთს მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხების პროექტი გაუგზავნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთს მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხების პროექტი გაუგზავნა

დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა შეთანხმების პროექტი შეიმუშავა და შეათანხმა, განხილვის შემდეგ კი ის ხელმოსაწერად ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს გადაეგზავნება"

დოკუმენტის მოსკოვში გაგზავნას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

შეთანხმების პროექტი პირველ რიგში ითვალისწინებს ინტეგრაციას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე საბაჟო და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობას.

თიბილოვის განცხადებით, მხარეები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები და უსაფრთხოების ორგანოები რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ორგანოების შემადგენლობაში შევლენ.

"პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტები გაუქმდება და გადაადგილება თავისუფლება იქნება შესაძლებელი. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოები რუსეთის ფედერაციის საბაჟო ორგანოებს შეუერთდება", - აცხადებს თიბილოვი.

გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, პროექტი "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას" ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტს უახლოეს მომავალში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღმასრულებელი ორგანოები" განიხილავენ და ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს და ლეონიდ თიბილოვს გადაეგზავნება.