უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა პრეზიდენტს კანდიდატურას არ შესთავაზებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა პრეზიდენტს კანდიდატურას არ შესთავაზებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დასასახელებია პრეზიდენტის მხრიდან. მას ეს ჯერ არ გაუმჟღავნებია. ნამდვილად არ ვიცით ვის წარმოადგენს. უმრავლესობა კანდიდატის შეთავაზებას არ აპირებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მათზე პრეზიდენტთან იყო საუბარი. იცით, რომ გიორგი მარგველაშვილს დავით საგანელიძე შეხვდა. ჩვენი პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური პიროვნება, გამოცდილი, აკადემიური წრიიდან, საყოველთაოდ ცნობილი და პატიოსანი კაცი", - განაცხადა ტყემალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტსაბჭოს სხდომას, დეპუტატის ინფორმაციით, მასზე საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხო.

"როგორც იცით, იწყება საგაზაფხულო სესია, ამიტომ სამზადისსა და დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები გავიარეთ", - აღნიშნა მან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება