სასჯელაღსრულების სისტემაში „ევროპული ციხის წესების“  უპრეცედენტო პროგრამა დასრულდა

სასჯელაღსრულების სისტემაში „ევროპული ციხის წესების“ უპრეცედენტო პროგრამა დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში უპრეცედენტო, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა, რომლის მიზანსაც სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენდა.

საპილოტე პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით განხორციელდა და ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა აღნიშნა, _ გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტანდარტის ამაღლებას.

„როდესაც თანამშრომელს ეცოდინება საკუთარი უფლებამოსილება, კომპეტენცია და კომპეტენციის ზღვარი, ეს  პრევენციულად აგვაცილებს შესაძლო პრობლემებს,“- განაცხადა კახა კახიშვილმა  

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის უფროსის, კატერინა ბოლონეზეს თქმით, გრძელვადიანი პროგრამა  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოამზადებს იმ პერსონალს, რომელიც ხერხემალს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის  რეფორმირებისთვის.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში ასეთი ხანგრძლივობისა და ფორმატის სასწავლო პროგრამა პირველად ჩატარდა.

სასწავლო პროცესში მონაწილეობა მიიღო 25 ტრენერმა, მათ შორის იყვნენ, როგორც სასწავლო ცენტრის ადგილობრივი ტრენერები, ასევე სასჯელაღსრულების სისტემის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული სპეციალისტები,

მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შემოწმების მიზნით, 30 იანვარს ტრენინგის მონაწილეებს დასკვნითი გამოცდა ჩაუტარდათ და მიღებული ქულების მიხედვით  3 ხარისხის სერტიფიკატი გადაეცათ.

სერტიფიკატები მონაწილეებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა გადასცა.

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის უნიკალურობასა და მისი დანერგვის მნიშვნელობას სასწავლო ცენტრის პრაქტიკაში. 

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პირველ საპილოტე ტრენინგის შედეგებმა ცხადყო პროექტის წარმატებულობა, რის საფუძველზეც მოხდა მეორე ჯგუფის შერჩევა, რომელიც მუშაობას 2015 წლის თებერვლიდან დაიწყებს. საპილოტე პროგრამის დახურვის ცერემონიასსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.