საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა განმარტა, რომ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა ჟურნალისტის მიერ. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც რადიო "თავისუფლებას" მიერ გავრცელებულ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"ქალბატონმა თამარმა გააკეთა კომენტარი. თქვა, რომ მისი ნათქვამის არსწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მხრიდან. მან განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გრძელდება. ამას მეც ვადასტურებ, ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი. ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გავმიჯნავთ პოლიტიკური საკითხებისგან იმ ფორმატში, რომელიც შეიქმნა ამ ორმხრივი დიალოგისთვის. იქ ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს – ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი", -განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი და კომუნიკაციის არხიც შენარჩუნებულია.
"ახლაც გავიმეორებ იმას, რაც არაერთეხელ მითქვამს, რომ მორიგი შეხვედრის თარიღზე ჯერ არ შევთანხმებულვართ", -განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის დიალოგი დროებით შეჩერებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება.
თამარ ბერუჩაშვილმა, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჟურნალისტის მიერ ადგილი ჰქონდა მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას და ამ საკითხს საქართველოს საელჩო და სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტთანაც გაარკვევს.
"ჩვენი საუბარი ამ კონკრეტულ თემაზე არ ეხებოდა სავაჭრო ურთიერთობების საკითხს. საკითხი ეხებოდა აბაშიძე-კარასინის დიალოგს და იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განხორციელებული ქმედებების ფონზე, აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის. ანუ, ეს დიალოგი დროებით არის შეჩერებული იმ ქმედებების გამო, რაც რუსეთმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები ამ კონტექსტში არანაირად განხილული არ ყოფილა. სამწუხაროდ, ჟურნალისტური ინტერპრეტაცია შეეხო სავაჭრო ურთიერთობებს, ნაცვლად კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფარგლებში შეხვედრებისა. ეს იყო აბსოლუტურად ინტერპრესტაცია და ჟურნალისტის არასწორი ხედვა ამ მიმართულებით. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება, რადგან ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი. ბაზრის გახსნა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განხილვა აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო, რამაც მოიტანა გარკვეული პოზიტიური შედეგები. სამწუხაროდ, პოლიტიკურ განზომილებაში ეს არ აისახა. უფრო მეტიც, მივიღეთ რუსეთის მიერ სოხუმის ოკუპირებულ ტერიტორიებთან "ინტეგრაციის და პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება, რომელიც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
საქართველოს საგარეო უწების ხელმძღვანელის თქმით, გასული წლის შემოდგომიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში არანაირი შეხვედრა არ დაგეგმილა.
"ამ დიალოგის საშუალებაზე საქართველოს ოფიციალურად უარი არ უთქვამს, მაგრამ შეხვედრები არ იგეგმება, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადადგმული ნაბიჯების გამო საკმაოდ რთული ფონი გვაქვს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პაუზა აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში, ბერუჩაშვილის თქმით, კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, ვინაიდან ყველაფერი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
ამასთან, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ბაზარს "ძალიან არაპროგნოზირებადი" უწოდა.
"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.