"ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი მოკავშირეების დელეგაციას და გამოვხატო სრული მხარდაჭრა იმ ერთობლივი ხედვისა და კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე და მომავალი წევრი.
ამასთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, უპირველესად, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს - ქართველებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას.
მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.
ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს უელსის სამიტის შემდეგ.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ისტორიული არჩევანის შესახებ, იმ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ, რომელშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება.
ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება.
ამას გარდა, ვისაუბრეთ იმ ერთიანი დღის წესრიგის თაობაზე, რომელსაც საქართველო ავითარებს როგორც უელსის სამიტისა და ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში, ისე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში სტაბილურობას, იმ სირთულეებს, რომლებსაც იწვევს დაძაბულობა და კონფლიქტი უკრაინაში; იმ სირთულეებს, რომლებიც გამოიწვია ხელშეკრულების დადებამ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, როგორც ქვეყანას, რომელიც ავითარებს სტაბილურობის, თანამშრომლობისა და, გლობალურად, რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მხრივ.
მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ვერშბოუს ამ ვიზიტისთვის და იმ შინაარსობრივი დღის წესრიგისთვის, რომელიც განხილული იყო საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, ასევე იმ მომავალი ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ."