პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ დასკვნა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომელსაც ჩაღრმავება სჭირდება.
„თუ ჩვენ მართლმსაჯულების პოლიტიზირებაზე ვსაუბრობთ, ვიტყოდი, რომ სასამართლოში ვითარება ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების პერიოდში იყო. სასამართლო პროკურატურის ან აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ნამდვილად არ არის და პროგრესი ამ მიმართულებით ნამდვილად შეიმჩნევა. კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული მოსამართლეების გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და პოლიტიკოსებმა განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
სწორედ პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შეიძლება შესძინა ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური ხასიათი. ამიტომ გამოსავალია, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება დაუსჯელობასთან დაკავშირებით დასმულ საკითხს, აქ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ცდომილებას. მაგალითად, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირი დადგინდა, საქმე აღიძრა და მას სასჯელი შეეფარდა. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ გამოუძიებელ საქმეზე პროკურატურამ აქტიურად უნდა იმუშაოს და დადოს არგუმენტები, თუ რატომ ვერ იძიებს. თეორიულად შეიძლება არსებობდეს გამოუძიებელი საქმეები. არ არსებობს ქვეყანა, სადაც დანაშაული 100%-ით არის გახსნილი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.