საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი იყო. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ში გაწევრება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. მხარეებმა ყურადღება ნატო-ს უელსის სამიტსა და იმ არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.

მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. აღინიშნა ისიც, რომ ქართული მხარე, ისევე როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოები, მოწოდებულია დროულად და ეფექტიანად განახორციელოს პაკეტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ ვერშბოუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი პირადი ჩართულობისა და წვლილისათვის; ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ნატო-ს ქმედითი ჩაბმულობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდერ ვერშბოუმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და სხვები.