კოდორი რომ ბარდებოდა, ირაკლი ალასანია ელჩი იყო გაერო-ში!

კოდორი რომ ბარდებოდა, ირაკლი ალასანია ელჩი იყო გაერო-ში!

„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე  დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კოდორის ყოფილი რწმუნებლის ემზარ კვიცინის  განცხადებას გამოეხმაურა.

„გასაკვირი გითხვაა. ჩვენი პარტიის ლიდერი, კოდორი რომ ბარდებოდა, გაერო-ში ელჩი იყო და ტრიბუნიდან, ხმალამოღებული იცავდა საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ  ვფიქრობთ, რომ ეს კითხვა სხვა მიმართულებით უნდა გაეგზავნა ბატონ ემზარ კვიციანს.

რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, სწორია თუ არასწორია, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის: ემზარ კვიციანი ირაკლი ალასანიას მიმართავს და აცხადებს, რომ კოდორის ხეობის ჩაბარება რუსეთისთვის მისი ბრალია. კვიციანი მისი და ალასანიას შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ ირაკლი ალასანია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. მან მითხრა, რომ გუბერნია უნდა გაუქმებულიყო და აფხაზეთისთვის მას უნდა ეხელმძღვანელა.

მე ვუთხარი, რომ წასვლის შესახებ განცხადება ორჯერ დავწერე. გუბერნია იმიტომ შეიქმნა, რომ ერთ მუშტად  უნდა გაერთიანებულიყვნენ და ალასანიას ვუთხარი, რომ  გუბერნიაში დაეტოვებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩემს დროსაც იყვნენ, რადგან ვიცოდი, ისინი ხეობას არ უღალატებდნენ.

 ალასანიამ  მითხრა, რომ გუბერნია უნდა დაშლილიყო. მმართველობას იგი აიღებდა ხელში და ასეთი ფრაზა თქვა, რომ „აფხაზები იძულებულნი იქნებიან, კარგად დაგველაპარაკონ. გავაძლიერებთ ეკონომიკურად, ბევრ ფულს ჩავდებთ და ჯარსაც შევიყვანთო". სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ხელისუფლების მიერ ხეობაში  ჯარის შეყვანა იმას ნიშნავდა, რომ კოდორის ხეობა ჩაბარებული იყო აფხაზებისა და რუსებისათვის.

მე თავის დროზე ვიცოდი, რომ ჯარის შეყვანა აწყობდათ რუსებს, ამიტომ თავი გავისულელე და ვაცხადებდი, რომ არც თბილისს ვექვემდებარებოდი, არც რუსებს და არც აფხაზებს. ეს იყო 1994 წლის 30 ივლისს. მოვილაპარაკეთ ისე, რომ მე ვრჩებოდი ხეობაში, როგორც ადგილობრივი, გვქონდა ჩვენი ადმინისტრაცია, ქართული დროშა და ვიყავით გამარჯვებულები.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. მათ ჯარის შემოყვანა მოინდომეს. ალასანიას პირდაპირ ვკითხე, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუ კოდორის ხეობა ჩაბარდებოდა? მან მითხრა, რომ პასუხისმგებელი იქნებოდა თვითონ.

დღესაც ვეკითხები - ბატონო ირაკლი, რატომ ჩააბარე კოდორის ხეობა მტერს?"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.