საგარეო საქმეთა სამინისტრო თამარ ბერუჩაშვილის იმ ინტერვიუზე აკეთებს განმარტებას, რომელიც მან რადიო „თავისუფლებას“ მისცა.
უწყების სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, მინისტრი ვერ იტყოდა, რომ სავაჭრო საკითხებზე დიალოგი რუსეთთან შეწყვეტილია, რადგან ეს კომპეტენციის გათვალისწინებით, ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხი არ არის.
„დავიწყოთ იქიდან, რომ დიალოგი შემოდგომიდან არ შემდგარა და თავისთავად, თუ რაღაც არ ხდება, საუბარიც არ მიმდინარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებულებები, ან შეთანხმებები და სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ადრე შეთანხმდა, რომ უნდა განვითარებულიყო, გრძელდება. ანუ, ამის იმპერატიულად, ერთი თქმით შეწყვეტა შეუძლებელია. ეს ჩვენი არც კომპეტენციაა და ამას ვერ იტყოდა. დიალოგი შეჩერებულია და ჯერ არ ვიცით როდის განახლდება, მაგრამ ის პრაგმატული ურთიერთობები, რაც კომპანიებს შორის არსებობს, გრძელდება“, - განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და ჟურნალისტის ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შეწყდა, რადგან მას აზრი არ აქვს.