როგორც "პირWელს" უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ კერესელიძემ განუცხადა, მათთვის დაკავებულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
კერესელიძის თქმით, საელჩოს შსს-დან ჯერ ოფიციალური წერილი არ მიუღია და დაკავებულის ვინაობა მისი მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
კიევში მომხდარი აფეთქებისთვის სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ქართველი მამაკაცი დააკავეს. უკრაინული მედია შსს-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულებიდან ორი უკრაინის მოქალაქეა.
"საქართველოს მოქალაქეს ამ დროისთვის ჩვენ ტერიტორიაზე ცხოვრების კანონიერი უფლება არ ჰქონდა, ის ორჯერ ნასამართლევია. მეორე უკრაინის მოქალაქეა, 1968 წელს დავადებული მამაკაცი, რომელიც ასევე ორჯერ ნასამართლევია და მესამე ეჭვმიტანილი ქალია, უკრაინის მოქალაქე. დაკავებულებს აღმოაჩნდათ მტკიცებულები, რომელიც აფეთქებაში მათ მონაწილეობას ადასტურებს, კერძოდ, საბრძოლო ყუმბარა ფ-1", - აცხადებენ უკრაინის შსს-ში.
კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიჭრა. დაშავებულია კიდევ ორი პირი, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მსახურობდნენ. შემთხვევა დნეპროპეტროვსკის რაიონში მოხდა. სამართალდამცველებს ხელყუმბარა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ესროლეს.