ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში 2014 წელი ისტორიული იყო. ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც Georgian Journal-ი ავრცელებს.
"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის მიღწევა, რომელითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა მეტი კეთილდღეობისთვის, მოდერნიზაციისა და საქართველოში სტაბილურობისთვის", - აღნიშნავს იოჰანეს ჰანი.
ევროკომისარი ასევე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება გააღრმავებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანდათანობით მოახდენს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება გახსნის ახალ ბაზრებს ბიზნესისთვის და შექმნის სამუშაო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყოს მნიშვნელოვან და სწრაფ ზრდას.
იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს გახდება მეტად კონკურენტუნარიანი, გაიზრდება ვაჭრობა და ინვესტიციები.
"2015 წელი იქნება წელი, რათა უფრო ეფექტურად ჩავერთოთ ასოცირების შესახებ შეთანხმების გულმოდგინედ შესრულებაში. ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმ რეფორმების შესრულებისთვის, რომელიც თანდათანობით დაუახლოევებს საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებს. ზოგიერთ რეფორმას დრო დასჭირდება, მაგრამ ევროკავშირის მექანიზმები და გამოცდილება საქართველოს განკარგულებაშია", - ნათქვამია იოჰანეს ჰანის მიმართვაში.
როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ახალი ურთიერთობების დასაწყისია.
"ეს არის არჩევანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა თავიანთი მომავლისთვის გააკეთა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირი იქნება საქართველოს თანმხლები, რამდენადაც საქართველო მიჰყვება ამ არჩეულ გზას", - აღნიშნავს იოჰანეს ჰანი.
გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანი საქართველოს დღეს ეწვევა. დღის ბოლოს ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.