გეოგრაფიული აღნიშვნების სახელად გამოყენების მენეჯმენტს საქართველოში ასოციაციები განახორციელებენ

გეოგრაფიული აღნიშვნების სახელად გამოყენების მენეჯმენტს საქართველოში ასოციაციები განახორციელებენ

გეოგრაფიული აღნიშვნების სახელად გამოყენების მენეჯმენტს პირველად საქართველოში ასოციაციები განახორციელებენ. ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მომზადდა სპეციფიკაციები და ჩამოყალიბდა ასოციაციები ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნისთვის: ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი და მაჭახელას თაფლი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქპატენტიდან" აცნობეს, ექსპერტების მტკიცებით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონს, იქ არსებული უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვს რეალური შესაძლებლობა აწარმოოს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული მრავალფეროვანი პროდუქცია და შესაბამისად ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს "საქპატენტმა" და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. "საქპატენტის" ინფორმაციით, მემორანდუმის ამოცანების, სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, დაინტერესებულ პირთა სწავლება და ცნობიერების ამაღლება, ასევე კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა უკვე მომავალი თვიდან დაიწყება.

"საქპატენტის" ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი, ხშირად უნიკალური გარემო პირობებით (ნიადაგი,წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი).

დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილია ათი ათასამდე გეოგრაფიული აღნიშვნა. სახელები: შამპანური, კონიაკი, პარმასანი, როქფორი, ბორდო, დარჯელინგის ჩაი, ბასმასის ბრინჯი დიდი ხანია საყოველთაოდ არის ცნობილი მსოფლიოში.