იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება იცვლება და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო ხარჯები 20 პროცენტით შეამცირა მაშინ, როდესაც რუსეთი თავდაცვის ბიუჯეტს მუდმივად ზრდის.

"ცვლილებების დრო დადგა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ანგელა მერკელთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის საზღვრებს და შეასრულოს მინსკის მოლაპარაკებებით აღებული ვალდებულებები.

"ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფრონტაციას. ნატო რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და ერთობლივი თანამშრომლობისკენ ისწრაფვის,. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ეს რუსეთსაც უნდოდეს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.