ირაკლი ღარიბაშვილი - წელს ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა C ჰეპატიტის სრული დაძლევაა

ირაკლი ღარიბაშვილი - წელს ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა C ჰეპატიტის სრული დაძლევაა

მთავრობა 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიაზე ისაუბრა. 

"მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ეს იყო დაუძლეველი პრობლემა, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში და მისი გადაჭრა წარმოუდგენელიც კი ჩანდა, მაგრამ დღეს ჩვენი ძალისხმევისა და შრომის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, წელს ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა C ჰეპატიტის სრული დაძლევაა, ამიტომაც 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ვაცხადებ", - აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე თქმით, მალე დაიწყება უპრეცედენტო პროექტი, რომლის მიზანია არამარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება და მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის პატიმრებისთვის. 
"ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციასა და კონტროლს დაავადების პრევენციის მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალისხმევა და შრომა, რომელიც ამ საქმეში ყველამ ერთად ჩავდეთ, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სამინისტრომ და მინისტრმა, სასურველ შედეგს გამოიღებს და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომელიც წარმატებით უნდა განვახორციელოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან ყველას მოუწოდა C ჰეპატიტის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთოს და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.