ევროპარლამენტი რუსეთთან მიმართებაში რეზოლუციის პროექტს ხვალ დაამტკიცებს

ევროპარლამენტი რუსეთთან მიმართებაში რეზოლუციის პროექტს ხვალ დაამტკიცებს

15 იანვარს ევროპარლამენტში ძირითადი ფრაქციების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ"-ი იუწყება. ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი გმობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებსა და კრიმინალურ საქმიანობას.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტი აპირებს დაგმოს "რუსეთის აგრესიული და ექსპანსიური პოლიტიკა". ასევე, რუსეთს ადანაშაულებს "უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომის წარმოებაში" და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ესკალაცია, შეწყვიტოს უკრაინაში იარაღის, დაქირავებულებისა და სამხედროების შეყვანა.

ამავე რეზოლუციით, რუსეთზე ზეწოლის მთავარ ელემენტად უნდა დარჩეს სანქციები და ევროპარლამენტი აპირებს მოუწოდოს ევროკავშირის საბჭოს, 2015 წელს საბჭოს მარტის სხდომაზე რუსეთს გაუგრძელოს არსებითი სანქციები. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ხოლო რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შემთხვევაში სანქციებს უნდა დაემატოს ბირთვული სექტორი და შეეზღუდოს რუსეთის სუბიექტებს საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების წარმოება (საუბარია "SWIFT"-თან წვდომის გაყინვაზე).

რეზოლუციის პროექტზე დებატები და კენჭისყრა 15 იანვარს არის მოსალოდნელი.