პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისას მთავრობის წევრების არდასწრება უხერხულია

პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისას მთავრობის წევრების არდასწრება უხერხულია

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის მოხსენებით გამოსვლისას მთავრობის წევრების არდასწრება უხერხულია. როგორც ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ამ მხრივ იმის განმეორება, რაც გასულ წელს მოხდა, პრემიერ-მინისტრის და ზოგადად, მთავრობის იმიჯზე დადებითად არ აისახება. ძაბირაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს.

"სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჭრილში მთავრობას არ გააჩნია ვალდებულება იმისა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ იგივე კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. მართალია არის შეზღუდვები და ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია ან მთავრობის თანხმობა სჭირდება, რაც იმავე კონსტიტუციაში წერია, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე, რასაც პოლიტიკური ნაწილი ჰქვია და რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის. როდესაც სახელმწიფოს მეთაური გამოდის, ამას არ ესწრებოდეს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია. გარდა ამისა, საქართველოს მსგავს ქვეყანაში ასეთი ურთიერთობა შიდა დაძაბულობას ქმნის. შესაძლოა ეს დიდ რაღაცეებში არ გადაიზარდოს, მაგრამ ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც მთავრობაზე, ისე პრეზიდენტზე და ზოგადად ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა ძაბირაძემ.

როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.