ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში მყოფი 23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეზღვაურები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.
მეზღვაურები ყვებიან, რომ დამქირავებელი ბერძნული მხარის წარმომადგენლებმა მათთან კონტაქტი გაწყვიტეს. საჭმლის და წყლის მარაგი კრიტიკულად მწირი აქვთ.
მათივე ინფორმაციით, უკვე 2 თვეზე მეტია ღია წყალში არიან და ხმელეთზე გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათ ამას კანონი უკრძალავს. მეზღვაურები აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა არ მიუღიათ ხელფასები და ბერძნულმა კომპანიამ, რომლებმაც ისინი დაიქირავა, კონტრაქტები შეუწყვიტა.
"5 გემი ვართ, შერეული ეკიპაჟი, 23 ქართველი ვართ. 6 თვეა არ გვაქვს ხელფასი, საჭმელი, ყველაფერი გაგვითავდა, არც საწვავი გვაქვს და არც წყალი. ბათუმის ადმინისტრაციას შევატყობინეთ ჩვენს შესახებ, ყველგან დარეკილი გვაქვს. ყველას დამთავრებული გვაქვს კონტრაქტები. 6 თვეა გვატყუებენ, არც ბილეთებს გვაძლევენ. მოსალოდნელია, რომ აქ მოიყვანონ პოლიცია, ჩაგვყარონ და გამოგვიშვან ჩვენს სახელმწიფოში", - აცხადებს მეზღვაური ლერი სირაბიძე.