პრეზიდენტის პარლამენტში სიმბოლურ გამოსვლებს მთავრობა არ უნდა დაესწროს

პრეზიდენტის პარლამენტში სიმბოლურ გამოსვლებს მთავრობა არ უნდა დაესწროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაეწრება.

"ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასასწრებად დროს გამონახავენ.

"მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს აღარ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც საერთაშორისო და შიდა იმიჯს. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს, გამონახავს დროს და ამ მოხსენებას დაესწრება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შარშან საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.