"ქართუს" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი იქნება 10-ჯერ, 20-ჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პროექტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფონდი "ქართუს" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩაფიქრებული პროექტი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდება რეგიონისთვის მთელ კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური კომპლექსი.

"ფონდმა "ქართუმ" გააკეთა კომენტარი, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მრავალი ათეულმილიონიანი უნივერსიტეტი გააკეთოს საქართველოში, თავისი კამპუსით. ეს იქნება უნიკალური პროექტი. თვითონ ფონდი "ქართუ" გააკეთებს ვრცელ კომენტარს, რა მასშტაბის იქნება პროექტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ არ აპირებს, ისაუბროს სააკაშვილის ტყუილებზე.

"ზოგადად, მე გირჩევთ, რომ ნაკლებად უსმინოთ მას. არასერიოზული იქნება,  მის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად, როდესაც ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა შენდებოდა, იქ უნდა ყოფილიყო ბანკი და არა - უნივერსიტეტი. შემდეგ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა უცებ გადაიფიქრა და მოიფიქრა, რომ იქ რაღაც უნივერსიტეტი გაეკეთებინა. ამერიკულ მხარესთან ჰქონდათ მოლაპააკებები კამპუსთან დაკავშირებით და, როგორც ვიცი, მათ არ დაუმტკიცეს ეს პროექტი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ეს შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და იქ რაიმე უნივერსიტეტის გაკეთება წარმოუდგენელი იყო.