თეა წულუკიანი არ მიიჩნევს, რომ პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის გზა ჩაეკეტება

თეა წულუკიანი არ მიიჩნევს, რომ პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის გზა ჩაეკეტება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ თვლის, რომ პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის გზა ჩაეკეტება.

როგორც წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის საფრანგეთში იმყოფებოდა ტერაქტის დროს და ფრანგული საზოგადოება არის შოკში.

"როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზეა საუბარი, ეს გულისხმობს ერთ სივრცეში სხვადასხვა ქვეყნების ყოფნას, რომლებიც კოლექტიურად მონაწილეობენ ურთიერთუსაფრთხოებაში. ჩვენ თუ ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზას ისეთივე წარმატებით დავხურავთ, როგორც პირველ ეტაპს და გავხსნით საზღვრებს ევროკავშირის სივრცესთან, ევროკავშირის უსაფრთხოების საზღვრები, ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის საზღვრები გადმოიწევს ჩვენს საზღვრებზე. ჩვენ გეოსტრატეგიულ რაიონში ვიმყოფებით და გვაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება მათთვის გასაზიარებელი, ისევე, როგორც მათ ჩვენთვის ბევრი რამე აქვთ სასწავლი. ამიტომ მე არ მგონია, რომ იმ დიდი გამოცდილების მქონე ერს და ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ან გზა ჩაგვეკეტება ამ ტერორისტული აქტის მერე ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ან თვითონ ევროპა შეცვლის ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით რამეს. ამის არანაირი სიგნალი დღეს არ არსებობს და არც მომავალში მოველი, რადგან ევროპა არ არის გუშინ გაჩენილი ქვეყნების ერთობლიობა, რომელიც მოიქცევა ზღარბივით, რომელსაც საფრთხე ემუქრება და თავს დამალავს თავის დასაცავად", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პირიქით, ევროპა თვალებში ჩახედავს არსებულ საფრთხეს და შეიძლება შეცვალოს კანონები, ქცევის წესები ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეს არ გულისხმობს საზღვრების ჩაკეტვას ან იმას, რომ ახალი წევრები, როგორიცაა საქართველო, არ მიუშვას ახლოს.

პარიზის ტერაქტის შემდეგ ესპანეთის ხელისუფლება შენგენის შეთანხმების დებულებების გადახედვის მოთხოვნით გამოვიდა და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის შემოღება მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა "პაისთან" ინტერვიუში ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდეს დიასმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ასეთი ზომების მიღება აუცილებელია "ბოევიკების" გადაადგილების შესაზღუდად, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში ბრუნდებიან. ასევე, მისი ეს ინიციატივა უკავშირდება პარიზში მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.