უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კონსულტაცია შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კონსულტაცია შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს

პარლამენტის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაცია შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.

როგორც ხმალაძე აცხადებს, თვითმიზანი არ არის, აღნიშნულ თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატი ჩავარდეს ან არ ჩავარდეს, მიზანია ის, რომ აირჩეს პირი, რომელიც ამ საქმისთვის ყველაზე უფრო უკეთესი იქნება.

"იმის მიუხედავად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციების გამართვას არც კონსტიტუცია, არც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტი ვალდებული არ არის, კონსულტაციები გამართოს, ვფიქრობ, კონსულტაციები სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შედეგით დამთავრდება კონსულტაციები და როგორი გადაწყვეტილება ექნება პარლამენტს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მისაღები იქნება ან არ იქნება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი – ანუ რამდენად დააკმაყოფილებს კანდიდატი იმ კრიტერიუმებს, რომელსაც მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს",-აცხადებს ხმალაძე.

დეპუტატის თქმით, თვითმიზანი არ არის, დასახელებული კანდიდატი ჩავარდეს ან არ ჩავარდეს, მიზანია ის, რომ აირჩეს პირი, რომელიც ამ საქმისთვის ყველაზე უფრო უკეთესი იქნება. შეიძლება არჩევანი იყოს რამდენიმე კანდიდატს შორის, მაგრამ ის ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაძლებელია, პრეზიდენტისა და პარლამენტის მოსაზრებები ერთმანეთს არ დაემთხევს. არ გამოვრიცხავ, რომელიმე კანდიდატს მხარს უჭერდეს უმრავლესობის ნაწილიც და ოპოზიციის ნაწილიც. წინასწარ იმის თქმა, თუ როგორი იქნება დამოკიდებულება, შეუძლებელია, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ შეიძლება უფრო მეტად გამოიკვეთოს, სურთი, თუ როგორი შედეგი დადგება ამა თუ იმ კანდიდატის წარდგენისას", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.