უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად უნდა შეირჩეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად უნდა შეირჩეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გედევან ფოფხაძის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად უნდა შეირჩეს. ამ კუთხით პრეზიდენტთან წინასწარ კონსულტაციებს გედევან ფოფხაძე აუცილებლად მიიჩნევს.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. ეს არ უნდა იყოს ერთი ინსტიტუტის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. ბუნებრივია, პრეზიდენტი წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას და პარლამენტი ამტკიცებს ან არ ამტკიცებს მას. შესაბამისად, თუ ანგარიში არ გაეწევა პარლამენტში არსებულ განწყობებს, კონსენსუსი ვერ შედგება. გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ამიტომ, ამ შემთხვევაში კონსულტაციები არის აუცილებელი. თუ გადაწყვეტილების მიღება გვინდა, აუცილებლად უნდა შევაჯეროთ პოზიციები. ის, თუ ვინ იქნება ათი წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში სამართლებრივი პროცესების განხორციელება, ადამიანის უფლების დაცვა და პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრება", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და დაინტერესებულ პირებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, არც კონსტიტუციით, არც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს კონსულტაციების ვალდებულება, ეს არის მისი პირდაპირი პრეროგატივა კანდიდატურების დასახელების.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს როგორც საზოგადოებას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში.