ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესებისთვის, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა

ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესებისთვის, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა

ექსპერტი ლევან კალანდაძე მიჩნევს, რომ ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლევან კალანდაძემ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ლარის დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"ლარის კურსს ერთი კონკრეტული ფაქტორი არ განაპირობებს. ეს კომპლექსური თემაა. პირველი - ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, ანუ ის ფაქტორი, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, რაიმე მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ ლარის გამყარებას ხელი შეეწყოს, არ არსებობს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი დაკავშირებულია შიდა ხარჯვით პოლიტიკასთან.

"მოგეხსენებათ, წლის დასაწყისია, რთული წელია. შარშან წლის ბოლოს ვპროგნოზირებდით კიდეც, რომ წლის დასაწყისი ყველაზე რთული იქნებოდა. წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტო და ხაზინა დეფიციტურ ხარჯვას აწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხარჯავს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე აქვს შემოსავალი. ეს კი ნეგატიურად აისახება ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაზე დოლარის სასარგებლოდ. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, არის მე-3 და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წმინდა ნეგატიურ მოლოდინებთან და ბაზარზე გარკვეული სპეკულაციური ოპერაციების არსებობასთანაა დაკავშირებული.

"ბიზნეს და საფინასო სფეროს ჯერჯერობით ნეგატიური მოლოდინი აქვს, ისინი ამ თვალსაზრისით გარკვეულ პოზიტივს ვერ ხედავენ, ანუ იმ ფაქტორებს, რამაც ერთი მხრივ, ლარის კურსის სტაბილურობა უნდა განაპირობოს და მეორე მხრივ, ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვის თვალსაზრისით სიცხადის შეტანის ელემენტები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კურსთა შორის სხვაობაში ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები გარკვეულწილად აისახება. ანუ ეს არის კომპლექსური თემა, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, როგორც კი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება მოხდება, ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაში ლარის სასარგებლოდ გარკვეული ძვრები გადაიდგმება, "ის სპეკულაციური ფაქტორები და მოლოდინები იმ წამსვე მეორე პლანზე გადავა, რაც ბიზნესისთვის გარკვეულ ნეგატიურ, ბუნდოვან და გაურკვეველ ხვალინდელ დღესთანაა დაკავშირებული".

ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი სრულიად შესაძლებელია, 1.9-ის ფარგლებში იყოს,

"ეს კურსი რამდენად შენარჩუნდება დამოკიდებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს - ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს, ხაზინისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რამდენად თანმიმდევრული, ჰარმონიზირებული და ურთიერთშეთანხმებული იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეს, 13 იანვარს 1 დოლარის შეძენა 1,91 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.91-დან 1.93 ლარის ფარგლებში შეუძლია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 1.87-დან 1.90 ლარის ფარგლებში იბარებენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები აცხადებენ, ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურდა.