საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ

საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას კვლავ ის პოზიცია აქვს, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მანამდე შეჩერდეს ყოველგვარი საქმიანობა.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "არემჯი გოლდისთვის" ლიცენზიის 5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"ლიცენზიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პოზიციას ვერ მოგახსენებთ. თუმცა, მე გავაკეთე განცხადება, რომ სანამ სასამართლო მიმდინარეობს მიზანშეწონილი იქნებოდა სამუშაოები შეჩერებულიყო. მე იგივე პოზიციაზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს შესაძლებლობა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიც არის სასამართლო, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დაცული იქნება საქართველოში როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ორი ღირებულების შეთავსება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ფუნქციონირებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

"მე მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მანამდე შევაჩეროთ საქმიანობა", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.