პრეზიდენტი სააკაშვილს სთხოვს, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს თავი დაანებოს

პრეზიდენტი სააკაშვილს სთხოვს, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს თავი დაანებოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, თავი დაანებოს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი სირიაში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებაზე საუბრობდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სამსახური ძალიან დიდი ყურადრებით ეკიდება ასეთ საკითხებს.

"თქვენ იცით რამდენად პასუხისმგებლიან როლს თამაშობს ქართული სახელმწიფო იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა. არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს IშAF-ის მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამავე დროს მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობას და სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა შეაჩეროს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე არის წასული სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს (IშIშ)" რიგებში საბრძოლველად.