გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში რჩება. ამ მიმართულებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" არაფერი შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პროექტის ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე მიიღეს. არასამთავრობოთა შეფასებით კი, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულების გაუქმება ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ზღუდავს და აუარესებს.
"გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ნორმა დარჩეს ისე, როგორც ამას "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი" ითვალისწინებს. ამასთან, გთავაზობთ, სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზებით და დეტალური შესწავლით საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ და უკეთესი ფორმულირება მოვძებნოთ", – მიმართა კოლეგებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის გედევან ფოფხაძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება ტექნიკური ხარვეზის გასწორებით იყო მოტივირებული, თუმცა დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები და ხედვები რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.
ფოფხაძემ არასამთავრობოთა პოზიცია გაზვიადებულად შეაფასა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ სჯობს, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" შესაბამისი მუხლი ისე დარჩეს, როგორც არის და მსჯელობა გაგრძელდეს.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა პროექტის კიდევ ერთმა ავტორმა მანანა კობახიძემ, რომლის განცხადებითაც, "არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პარლამენტი ადამიანის უფლებების შემზღუდავ კანონს იღებს".
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში წარმოდგენილია ინიციატივა, რომლის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი ხდება გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი ზეპირსიტყვიერად განუმარტოს.
პროექტის ავტორები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და პაატა კიკნაველიძე