მარგველაშვილი მზად არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები დაიწყოს

მარგველაშვილი მზად არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები დაიწყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და დაინტერესებულ პირებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, არც კონსტიტუციით, არც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს კონსულტაციების ვალდებულება, ეს არის მისი პირდაპირი პრეროგატივა კანდიდატურების დასახელების.

"თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ვართ ღია კონსულტაციებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს როგორც საზოგადოებას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში.

"ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დააწვება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, იყო რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა ყველა მოსაზრება.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკვე ამ წუთიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, კანდიდატურებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების პოზიციები და მოსაზრებები მოისმინოს.