შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ გვყავს, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნინო გოგუაძე "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც გოგუაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს რეალურად წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტ კომიტეტს.
"ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ლობირებაა. ძალიან განვიცდი, რომ ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ გვყავს, ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლობისტ კომიტეტს, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისივე თქმით, "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინიციატივა დაუჯერებელია იმ ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ეგიდით.
"ეს არის დაუჯერებელი ინიციატივა, ნამდვილად არ ველოდი, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ეგიდით მოსული პოლიტიკური ძალა ასეთ ცვლილებებს შემოგვთავაზებდა, მთელი ცივილიზებული სამყარო მიდის იმ მიმართულებით, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და მაქსიმალურად დაცული იყოს სწორედ ძალოვანი უწყებების მხრიდან. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
"სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის გაუქმების ინიციატივას გულისხმობს.