ლიტვა იყო, არის და იქნება საქართველოს ახლო მეგობარი - ამის შესახებ ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა რიყის პარკში "ლიტვის თავისუფლების დამცველთა" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქართველები და ლიტველები კიდევ ერთხელ სიმბოლურად აჩვენებენ ნამდვილი მეგობრობის მაგალითს.
"დროშის პატივისცემის მიგების ცერემონია პირველად ტარდება საქართველოში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ერთობის მნიშვნელობას, ჩვენი ხალხების და ქვეყნების ერთობას, ჩვენი მეგობრების ერთობას, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან", - განაცხადა ლიტვის ელჩმა.
მისი თქმით, ლიტველებისთვის 13 იანვარი არა მხოლოდ ტრაგიკული დღეა, 13 იანვარი არის აგრეთვე გმირობის დღე.
"ეს არის დღე, როდესაც ჩვენი ერი გაერთიანდა, დღე, როდესაც შეუიარაღებელი სამოქალაქო პირები შეხვდნენ ნამდვილ საშიშროებას და საფრთხეს და იდგნენ ერთად და არ ეკითხებოდნენ ერთმანეთს პოლიტიკური პრეფერენციების, რელიგიური რწმენის, მშობლიური ენის და ხალხში დაცული ტრადიციების შესახებ", - განაცხადა იონას პასლაუსკასმა.
მისივე თქმით, საქართველო ადიდებს თავისუფლებას, ლიტველებმა და ქართველებმა კარგად იციან თავისუფლების ფასი.
"დღესდღეობით ჩვენ სრულიად გვესმის და აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული მეგობრობის მისწრაფებას გახდეს ხალხის და დემოკრატიული კავშირის დიდი ოჯახის წევრი. ლიტვა იყო, არის და იქნება საქართველოს ახლო მეგობარი გისურვებთ მშვიდობას, ქართველ ხალხს ვუსურვებ ოცნებების აღდგენას", - განაცხადა იონას პასლაუსკასმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
რიყის პარკში ლიტვის სახელმწიფოს 200-მეტრიანი დროშა გაშალეს, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს ჰიმნები.