ასტანაში "ნორმანდიის ფორმატში" შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მინსკის მოლაპარაკებები შესრულდება. ამის შესახებ გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინული მედიის ცნობით, როგორც ბერლინში შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თანხმდება, რომ უკრაინაში არსებული კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ მინსკის მოლაპარაკებების შესრულების შედეგად არის შესაძლებელი.
"ამ მოლაპარაკებებით აღებული ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს", - ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, 15 იანვარს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვედროდნენ, რამდენიმე კვირით გადაიდო.