მიხეილ სააკაშვილი:    მე დავბრუნდები

მიხეილ სააკაშვილი: მე დავბრუნდები

"მე დავბრუნდები", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა New Eastern Europe ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

როგორც ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, უარი თქვა ამ შეთავაზებაზე.

"ერთი მხრივ, მართლაც მინდოდა დავხმარებოდი უკრაინას და ვეხმარები კიდეც, რამდენადაც შემიძლია. მაგრამ მეორე მხრივ, უარს ვერ ვიტყოდი საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან დახმარება საქართველოსაც სჭირდება", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას და ამ ეტაპზე ძირითადად ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს.

"საქართველოში ჩემს დაბრუნებას ვერაფერი აღკვეთს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში დავრუნდები, არჩევნებამდეც კი. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და უკრაინაა, სამოქალაქო საზოგადოებები გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთში. ასე, რომ არანაირი საშუალება არ არსებობს ავტორიტარულმა რეჟიმმა შეაჩეროს ადამიანების სურვილი. ჩვენ ამის მცდელობა არასდროს გვქონია და როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებები სურდათ, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება. ასევე მოუწევს ივანიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში იქნება და რომ ქვეყანა მას ეკუთვნის, მოუწევს ხელისუფლების დათმობა, როდესაც მისი დრო მოვა", - აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი New Eastern Europe-სთან ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.