საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" მსუბუქი და სამარშრუტო ავტომობილები ჩვეულებრივად მოძრაობენ, თუმცა სატვირთო მანქანებს საბაჟომდე მისვლის პრობლემა აქვთ.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.
"ამ ეტაპისთვის ჩვეულებრივად მოძრაობენ მსუბუქი ავტომობილები და სამარშრუტო ტაქსები, თუმცა სატვირთო მანქანებს გადაადგილების პრობლემა აქვთ. რამდენადაც ვიცი, ყინულის საფარია და მათ მოძრაობა უჭირთ", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
მისივე თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, იღებს ნებისმიერ მანქანას და საბაჟო პროცედურებს ახორციელებს.
"ვინც მიდის, საბაჟო პროცედურებს ყველა გადის, უბრალოდ სატვირთოები ვერ მოძრაობენ, ყოველ შემთხვევაში, საბაჟომდე ვერ მიდიან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.