საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტური კონფერენცია გახსნა.
კონფერენციაზე სტუდენტები და მოსამართლეები მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელებენ. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყების წინ განუცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მოსამართლეთა ასოციაციამ გააკეთა, არის ის, რომ იმ გრანტის ფარგლებში, რომლებიც მათ მიიღეს პრეზიდენტისგან, იყო სტუდენტების დაინტერესების გაზრდა და სტუდენტებისთვის თემების შეთავაზება, რაზეც მათ იმუშავეს და წარმოადგინეს მათი ხედვები.
"სტუდენტებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს. დავაჯილდოვეთ საუკეთესო სტუდენტები. ძალიან მოწადინებულები არიან, ძალიან მოტივირებულები არიან, რაც ძალიან კარგია. ახალი თაობის ხედვა და მათი ნამუშევრები არის ძალიან საინტერესო, რათა ვნახოთ თუ როგორ უყურებენ ისინი დღევანდელ სამართლებრივ მდგომარეობას და იმ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სტუდენტებთან აქტიურობა უზენაეს სასამართლოს ყოველთვის მართებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ სტუდენტები იწყებენ სასამართლოში სტაჟირების შემდეგ მუშაობას.