პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ალბათ წარმოადგენს იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, როგორც ის ხედავს და როგორც კანონშია მითითებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რამდენად პრინციპული იქნება წარმოდგენილი კანდიდატი და რამდენად შეეძლება მას სასამართლოს დაცვა.
"ვერც ერთ კანდიდატზე ჩემს შეფასებას ახლა ვერ გავაკეთებ. ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა კანდიდატურებზე. საერთო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად კანდიდატზე. იქნება ის პოლიტიკასთან კავშირში თუ არა, მთავარი არის პრეზიდენტის დისკრეცია. პრეზიდენტი კანდიდატურას ალბათ წარმოადგენს იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, როგორც ის ხედავს და როგორც კანონშია მითითებული. მე ვფიქრობ, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რამდენად პრინციპული იქნება წარმოდგენილი კანდიდატი, რამდენად შესწევს უნარი, რომ დაიცვას სასამართლოს ინტერესები" , - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ წარმოდგენილ კანდიდატს გარკვეული სასამართლო გამოცდილება ექნებოდა.
"თუმცა, ესეც არ არის გადამწყვეტი. მთავარია, პრეზიდენტი როგორ შეარჩევს ამ ადამიანს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.