მინდა, საქართველოს აყვავებული მომავალი ჰქონდეს, თქვენ მიაღწევთ დასახულ მიზანს და ესტონეთი იქნება თქვენს გვერდით, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რიივასმა ისაუბრა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც ესტონეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, უნდა გაიზარდოს.
"ესტონელებს და ქართველებს ბევრი საერთო აქვთ, რაც გახლავთ კარგი ბაზა სინერგიისთვის. მოდი, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, გავიდეთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვაწარმოოთ ბიზნესურთიერთობები და ამიტომაც ვართ დღეს აქ. საქართველოს წილი ესტონურ ბაზარზე მხოლოდ 0,01 პროცენტია, რაც, ვფიქრობ, შეიძლება გაიზარდოს. საქართველომ ნამდვილად მიიღო ბევრი სწორი გადაწყვეტილება, რამაც მოუტანა მას ზოგიერთ ბიზნესრეიტინგში მაღალი პოზიცია ", - განაცხადა ტაავი რიივასმა.
მან ასევე ესტონელ და ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც დღევანდელ ბიზნესფორუმს ესწრებიან, მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა დაამყარონ უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირები.
"მე ვგრძნობ, რომ ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება, თუ დავამყარებთ ურთიერთობებს, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, როგორც მთავრობებს შორის, ისე ბიზნესკავშირების მიმართულებით. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ თქვენ არამხოლოდ აღმოაჩენთ ბიზნესსარგებელს ამ ფორუმიდან, არამედ ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ელოდება აყვავებული მომავალი და რაც არ უნდა დაისახოთ მიზნათ, რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ ამ მიზანს მიაღწევთ და ესტონეთი მყარად დაგიდგებათ გვერდით",- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღესვე, ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.