ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განმარტებით, ჩხრეკა-ამოღების პროცესთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და არსობრივად არაფერი იცვლება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით არასწორ ინტერპრეტირებას აქვს ადგილი. როგორც ბესელია განმარტავს, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის აუცილებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს გაუქმდა.
"ჩხრეკისა და ამოღების პროცედურასთან დაკავშირებით არასწორი განმარტებები გაკეთდა, თითქოს სტანდარტი იცვლება. არავითარი სტანდარტი არ იცვლება. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებით, შემოთავაზებულია მხოლოდ მექანიკური კორექტირება. კერძოდ, 2012 წელს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით სტანდარტები შეიცვალა. ახლა ზუსტად იგივე სტანდარტი რჩება – პრინციპი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა-ამოღება გადაუდებელ შემთხვევაში, არ იცვლება. შემოთავაზებულია მხოლოდ ტექნიკური ცვლილება, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წელს მიღებული ცვლილებებით, აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას დადგენილების გამოტანის ვალდებულება კანონის მხოლოდ ერთ მუხლში დარჩა და ხდება მისი გასწორება. არსებითად პროცედურები არ იცვლება", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ანალოგიურ განმარტებას აკეთებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. კობახიძე ირწმუნება, რომ ჩხრეკა-ამოღების ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებით არავითარი არსებითი ცვლილება არ ხორციელდება.
"2012 წლის ცვლილებებით, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებელს დადგენილების გამოტანა აღარ ევალებოდა და მხოლოდ განმარტებით იფარგლებოდა. ეს ის მდგომარეობაა, როცა მყისიერი მოქმედების ჩატარებაა საჭირო, თუმცა 24-საათის განმავლობაში ეს სასამართლოს განჩინებით უნდა დაკანონდეს. კანონში იყო ტექნიკური შეუსაბამობა და ეს ხარვეზი სწორდება", - აცხადებს მანანა კობახიძე.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.