სებ-ის ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებაში 1 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან, 13 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,91 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 10 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.90-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში დღეის მდგომარეობით, მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.91-დან 1.93 ლარის ფარგლებში შეუძლია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 1.87-დან 1.90 ლარის ფარგლებში იბარებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები აცხადებენ, დოლარის კურსმა მატება ახალი წლის პერიოდში ნელ-ნელა დაიწყო, კერძოდ, 5 იანვარს გაცვლითი კურსი 1.86 ლარი იყო, 7 იანვარს - 1.87 ლარი, 9 იანვარს - 1.88, დღეს კი 1.91 ლარს აცდა. მათი ინფორმაციით, ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურდა.