პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მისაღებია, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აპოლიტიკური პირი დასახელდება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ძალიან მაღალი რანგის იურისტი, რომელიც არის მიუკერძოებელი და თუკი ის აპოლიტიკური პირი იქნება, ამას მიესალმება. კობახიძის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერ არავის კანდიდატურა არ განხილულა და ამ თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
"არც ერთ კანდიდატზე, რომელთა სახელებიც მედიით გაჟღერდა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მსჯელობა არ ყოფილა. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგონოს. ჩვენ სურვილი გვექნებოდა, ამ კანდიდატის შესახებ სხდომაზე არ გაგვეგო და მანამდე იყოს გარკვეული, მოხდეს უმრავლეობის წევრების ინფორმირება", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.