პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს დღესაც ეხმარება და ეს თანამშრომლობა ელექტრონული და სხვა ეფექტური მმართველობების დანერგვის მიმართულებით უფრო გაღრმავდება.
როგორც ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეხება. პრემიერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით უფრო გააქტიურონ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმატებული პროექტი კულტურის სფეროშიც, ეს არის ფილმი "მანდარინები", რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებობს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ჩვენ ერთმანეთს დავუდასტურეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი, რათა შევძლოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულის მიღწევა, რომელიც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობის მაღალ დონეს შეესაბამება. რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. ესტონეთი მართლაც თვალსაჩინო მაგალითი და ჩემთვის სახელმწიფოს მოდელია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. მათ მთავრობაში ძალიან წარმატებული სისტემები აქვთ დანერგილი და ჩვენ ესტონეთისგან გვაქვს დაპირება, რომ ბევრი მიმართულებით დაგვეხმარებიან. ჩვენ ისინი დღესაც გვეხმარებიან და მომავალშიც გააგრძელებენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა მთავრობის ელექტრონული და სხვა ეფექტური მმართველობა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის, სავიზო დიალოგის დასრულების თაობაზე. ჩვენ ესტონეთისგან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ესტონეთის პრემიერ-მინისტრს მისი ქვეყნის და პირადად მისი მხარდაჭერისათვის, საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებას, ვისაუბრეთ უკრაინაზე და იმ საკითხებზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, იმ დროს როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ მიმართულებით ჩვენ გაუმჯობესება არ გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.