მმართველ უმრავლესობაში კვლავ აცხადებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას. ასეთი პოზიცია აქვთ, როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ასევე უმრავლესობაში შემავალ "მრეწველებს" და მის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს.
"როდესაც საკითხს პროკურატურა იძიებს, ცალკე სასამართლოში განხილვები მიმდინარეობს, დამატებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის. ასეთი პოზიცია მქონდა მაშინ, როცა დღის წესრიგში კომისიის შექმნის მიზამშეწონილობის საკითხი იდგა და იგივეს ვფიქრობ ახლაც", - აცხადებს ზურაბ ტყელამაძე.
მისივე თქმით, თუკი საგამოძიებო კომისია მაინც შეიქმნება, მის მუშაობაში "მრეწველთა" ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს.
პარლამენტმა საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა. ახლა დღის წესრიგში თავად კომისიის შექმნის საკითხი დგას, რაზეც გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სულ მცირე 76 ხმა. "ქართული ოცნება" აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერს.