ადვოკატები და ექსპერტი ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილის გამომწვევ ახალ გარემოებებზე საუბრობენ

ადვოკატები და ექსპერტი ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილის გამომწვევ ახალ გარემოებებზე საუბრობენ

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილის გამომწვევ ახალ გარემოებებზე საუბრობენ. კერძოდ, ადვოკატების განცხადებით, მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ადგილი ქონდა ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს.

როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ სროლები განხორციელდა მანქანის მარცხენა მხრიდან ახლო მანძილიდან.

"ძირითადი სროლები განხორციელდა მანქანის წინა, მარჯვენა და მარცხენა მხრიდან, თუმცა ზურაბ ვაზაგაშვილისათვს მიყენებული ჭრილობებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ჩანს, რომ არც ერთი აღნიშნული ჭრილობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ზურაბ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა მარცხენა მხრიდან მიყენებული ჭრილობით", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ოჯახის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, დღემდე გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში არ ფიგურირებს, თუ რომელი მხრიდან მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილი.

"გამოძიება ამბობს რომ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა მრავლობითი ჭრილობებით. იქ გამიჯნული არ არის, თუ რომელი მხრიდან მიყენებული ჭრილობა გახდა სასიკვდილო. ჩვენს მიერ გამოკვლეული მასალები რეალურად არის გამოძიებისთვის სიახლე", - აცხადებს ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.

ვაზაგაშვილების ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით კი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოძიებას დღესვე გადაეცემა.

ადვოკატების განცხადებით, მათ დამოუკიდებელი გამოძიება სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით აწარმოეს. ადვოკატებმა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დღეს ჟურნალისტებს 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის ფოტო მასალაც აჩვენეს, რომელიც მათი თქმით, 2006 წლიდან 2013 წლამდე საქმეში სხვადასხვა მიზეზის გამო არ იყო ჩადებული.

ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.