კონსტანტინე კუბლაშვილმა განაჩენის დასაბუთებულობაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გახსნა

კონსტანტინე კუბლაშვილმა განაჩენის დასაბუთებულობაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გახსნა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაჩენის დასაბუთებულობაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გახსნა.

შეხვედრას მოსამართლეები და მოწვეული ექსპერტები ესწრებიან. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე კონსტანტინე კუბლაშვილმა განუცხადა, უზენაესი სასამართლო რეფორმის ფარგლებში განაჩენების დასაბუთებულობაზე დიდი ხანია მუშაობს, რაც ემსახურება მიზანს, რომ გამოტანილი განაჩენები უფრო მეტად იყოს დასაბუთებული.

"ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სპეციალური კომისია, რომლის ფარგლებში დღეს გვაქვს ბოლო შეხვედრა. დღეს მოვისმენთ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელსაც გაგვაცნობს ევროპელი ექსპერტი და თებერვლის შუა რიცხვებში იმ შედეგების პრეზენტაცია იქნება, რომელსაც მოამზადებს კომისია. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი გვექნება. ეს ყველაფერი კი მოსამართლეებს წარედგინებათ სპეციალურ ტრენინგებზე, რომელიც 2015 წლის განვალობაში ჩატარდება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, მუშაობის შედეგად გაიზრდება განაჩენის დასაბუთებულობის ხარისხი, რასაც მოსამართლეები განაჩენის პროცესში გამოიყენებენ. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, განაჩენის დასაბუთებულობის ხარისხის ზრდაზე მუშაობა მომავალშიც საჭიროა.